ვაქცინაცია

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება

0 კომენტარი
ფოტო: www.collective-evolution.com

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება. 

შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.

ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები. ცვლილება აისახება ტერმინთა განმარტებებშიც და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ტ³ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. კანონის ეს ნაწილი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა 6 თვის ვადაში უნდა შეიტანონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ცვლილებების ავტორები მიუთითებენ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე, რომლის მიხედვით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. განმარტებით ბარათში საუბარია წითელას წითელას შემთხვევების ზრდაზეც.

"ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11,000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას. წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით, 2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა.", - აღნიშნულია დოკუმენტში.

განმარტებით ბარათში საუბარია იმაზეც, რომ აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში,  მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ცვლილებების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას მოსახლეობა უფასოდ იღებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 22.400 ათასი ლარია და ეს თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, აკაკი ზოიძე ტაბულასთან ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღსრულების მექანიზმი ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის. მისი განმარტებით, მიუხედვად იმისა, რომ სკოლებში და ბაღებში აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტების მიტანა სავალდებულოა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცრელ ბავშვს არ მიიღებენ.

"ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ აცრა არ არის მშობლის დისკრეცია, არამედ არის ძალიან კონკრეტული ვალდებულება. სახელმწიფოც იღებს ვალდებულებებს, რომ ეს აცრები არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი. ექიმებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მშობლები გააფრთხილონ ამის შესახებ. ამაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიც არის წითელი, ყბაყურა და ა.შ., არ არსებობს და არ გამოუგონია კაცობრიობას", - ამბობს აკაკი ზოიძე.

ზოიძესთან ერთად კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. მათ შორისაა აცრა B ჰეპატიტზე, ბსჟ-ზე, დიფთერიაზეტეტანუსზეყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზეპოლიომიელიტზე და ა.შ.

აქვე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს წითელას შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. წითელას ეპიდემიური აფეთქებები მსოფლიოს ყველა რეგიონში მოხდა და სიკვდილის 110 000-მდე შემთხვევა გამოიწვია. 

WHO-ს მონაცემებითვე, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ ექვს თვეში 1000-ს გადააჭარბა. 

წითელას შემთხვევების ზრდა პრობლემურია, თუმცა არა გასაკვირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფექციის დაბრუნების მიზეზებად ასახელებს თვითკმაყოფილებას, ევროპაში ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას, ვენესუელას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს და აფრიკაში იმუნიზაციის დაფარვის დაბალი დონეს. 

წითელასთან დაკავშირებით ვრცლად შეგიძლია წაიკითხოთ სტატიაში: როგორ ვებრძოლოთ წითელას - პასუხი ყველა კითხვაზე

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები