აშშ-რუსეთი

პუტინი: თუ აშშ 1987 წლის შეთანხმებას დატოვებს და იარაღის შექმნას დაიწყებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და 60 დღე მისცა, რათა ხელშეკრულების პირობების შესრულება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეთანხმების დატოვებით დაიმუქრა. პუტინმა თქვა, რომ აშშ ამ ბრალდებებს ხელშეკრულების დატოვების მიზეზად იყენებს და ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

"როგორც ჩანს, ამერიკელ პარტნიორებს სჯერათ, რომ სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ასეთი იარაღი. რა იქნება ჩვენი პასუხი? მარტივია - ამ შემთხვევაში, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ." თქვა მან.

პუტინმა თქვა, რომ ამ შეთანხმებით აკრძალული იარაღი ბევრმა სხვა ქვეყანამ შექმნა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები