სკოლა

PHR: ერთ-ერთმა მშობელმა სკოლაში ბავშვს უთხრა, რომ ტორტი არ ეკუთვნის, რადგან ფული არ დაუდია

iStockphoto

ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა მიმართა. ის განმარტავდა, რომ კლასის დამრიგებლის საჩუქრისთვის თანხის დადებაზე უარი განაცხადა და ფული მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომელიც ღონისძიების შემდეგ ბავშვებს უნდა ეჭამათ. ერთ-ერთმა მშობელმა კი მის შვილს უთხრა, რომ წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული, მაგრამ ტკბილეულის ჭამის ნება მისცეს, რადგან შეეცოდათ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედა ამბობს, რომ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია.

PHR-ის ინფორმაციით, ტორტთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით განცხადება დაწერა, რის შესახებაც კლასის დამრიგებელი ინფორმაციას ფლობდა და მეტიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამან მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ PHR-ის ცნობით, დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნით, ბავშვები კლასს არ ტოვებდნენ საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზეც.

ორგანიზაციის იურისტების დახმარებით მშობელმა კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მიმართა. PHR-ის ინფორმაციით, სხდომები დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა.

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრა, რის შემდეგაც PHR-მა გადაწყვეტილება სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭომ კი მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი დაადგინა და მას დისციპლინური სახდელი, შენიშვნა დაეკისრა.

კომენტარები