საქართველოს პარლამენტი

ქუთაისში, პარლამენტის 330 მილიონიან შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი გაიხსნება

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი ფოტო: http://georgiantour.ge/

მას შემდეგ, რაც ქუთაისში პარლამენტი აღარ იქნება, მთავრობა გეგმავს, 330 მილიონიან შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი განათავსოს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისი იქნება გაერთიანებული.

"ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას პირველ რიგში, რითაც გარკვეულწილად ამ ადამიანების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. როგორც, მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის. ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ისე სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიც არის მაგალითად 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და ასევე, სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც სამინისტროს შიგნით ფუნქციონირებს", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის. ახალ კონსტიტუციაში კი პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული არ არის.

საკანონმდებლო ორგანოს ზუსტი ადგილი პარლამენტის ახალი რეგლამენტით განისაზღვრა, რომელიც დღეს 77 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღეს და რომელიც ახალი კონსტიტუციის მსგავსად, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი N8. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს და ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.

შენობაში, რომელშიც პარლამენტი აღარ იქნება, საქართველომ 330 მილიონი ლარი დახარჯა. ხარჯები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დათვალა. ამავე ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობას დასჭირდა. 2014 წლის მონაცემებით, ეს თანხა 22 732 346 ლარს შეადგენს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები