ევროკავშირი საქართველოში

უკეთესი უნარები უკეთესი სამსახურისთვის - ევროკავშირის პროგრამა საქართველოში

European Union in Georgia

უკეთესი უნარები უკეთესი სამსახურისთვის - ასეთია იმ პროგრამის მთავარი დევიზი, რომელიც ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ბოლო 5 წელია, საქართველოში აქტიურად ინერგება. პროგრამის მიზანი საქართველოში დასაქმების ახალი რეფორმისთვის ბაზრის მომზადებაა.

შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების საკომუნიკაციო ექსპერტი თათა საყვარელიძე ტაბულასთან საუბრისას რეფორმისთვის მომზადების ორ ძირითად პუნქტს გამოყოფს.

პირველი, მისი თქმით, შრომის ბაზრის ეფექტური ხელშეწყობაა და საქართველო, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ნელნელა აქტიურ შრომის პოლიტიკაზე გადადის.

საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ამ პროგრამაში მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი შრომითი ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა იყო. ექსპერტი განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა მათ მომავალ პროფესიასა და განათლებაზე გადაწყვეტილებები შემთხვევითობის პრინციპით აღარ მიიღონ. თათა საყვარელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის სწავლას აპირებენ, რა შემოსავალი ექნებათ ამა თუ იმ პროფესიაში, როგორი იქნება განვითარების პერსპექტივა, სად შეძლებენ დასაქმებას და რამდენი ადამიანი არის და იქნება იმ პროფესიაში მოთხოვნადი.

„ეს არის ის ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, წესით, განათლების სამინისტრომ უნდა დაგეგმოს, თუ რა პროგრამებს შეიმუშავებს და რას ასწავლის. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა დაგეგმოს ისეთი პროცესები, რომლებზეც ეკონომიკური ზრდა იქნება დამოკიდებული. ამ პროგრამაში ძალიან ბევრი სტრუქტურაა ჩაბმული,”- ამბობს საყვარელიძე.

ამ უწყებებთან ევროკავშირის წარმომადგენლები ბოლო 5 წელია აქტიურად თანამშრომლობენ. საყვარელიძის შეფასებით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ეს ახალი რეფორმაა.

„აუცილებელია, აქტიურად დამკვიდრდეს ცხოვრების მანძილზე სწავლების პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ყველა ის ჩიხი უნდა აღმოფხვვრას, რომელიც მას კანონში აქვს და ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ მათ განათლება მაშინ მიიღონ, როცა ამის სურვილი და აუცილებლობა ექნებათ,”- ამბობს თათა საყვარელიძე.

ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია შრომის სფეროში ე.წ 3 P-ის (Public-Private Partnership) პრინციპის დამკვიდრება, რაც საჯარო და კერძო სტრუქტურების პარტნიორობაში გამოიხატება. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი პროფესიული განათლების საკითხებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და მან უნდა მოამზადოს სამომავლოდ თავისი კადრები.

თათა საყვარელიძე
ფოტო: European Union in Georgia

15 ნოემბერს ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია, სახელწოდებით „Skills for Jobs Talks“, სადაც ევროკავშირის მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს დასაქმებისთვის უნარებს.

გამართულ ღონისძიებაზე მიწვეულმა ექსპერტებმა ანა დიაკონიძემ და ლელა მაისურაძემ შრომითი ბაზრის ტრენდებზე და ამ ტრენდებთან საქართველოს შრომითი ბაზრის მიმართებაზე ისაუბრეს.

"ცხადია, უნარები აუცილებელია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს იმას, დასაქმდება თუ არა ადამიანი. შეიძლება, თქვენ იყოთ ძალიან გონიერი, მაგრამ ვერ შეძლოთ განათლების მიღება. შეიძლება, განათლება მიიღოთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ თქვენ მიერ მიღებული განათლებით დასაქმება ვერ შეძლოთ, რადგან იმ სფეროში სამუშაო ადგილები არ იყოს. შეიძლება, რომ პროფესიული განვითარების შუა გზაზე აღმოაჩინოთ, რომ სხვა რამის კეთება გინდათ და თქვენი საქმე არ გაბედნიერებთ. როცა ასეთი პრობლემები ჩნდება, ეს ინდივიდუალური განვითარების საკითხებს სცდება. ეს საკითხები ეკონომიკასა და ქვეყანაზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან საუკეთესო გამოცდილების გადმოღება. ცხადია, ევროკავშირის ქვეყნებს თავისი ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ გვინდა ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამასთან ღირსეული სამუშაო ადგილები,“- ამბობს ანა დიაკონიძე.

ექსპერტმა ლელა მაისურაძემ კონფერენციაზე პროფესიულ განათლებაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ორ სექტორს - შრომის ბაზარსა და განათლებას შორის დიდი ჩიხი იყო და კავშირი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მთლიანად იყო გაწყვეტილილი.

"2004 წლიდან რეფორმების ტალღით ნელნელა დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ამ ჩიხიდან გამოსვლა, განსაკუთრებით ინტენსიური კი ბოლო 5-10 წლის განმავლობაში გახდა. ადრე უფრო მეტად კეთდებოდა აქცენტი განათლებაზე, ახლა კი აქცენტი კეთდება უნარებზე და, შეიძლება, გსმენიათ კიდეც, რომ ევროკავშირს 2016 წლიდან ახალი დღის წესრიგი აქვთ უნარებთან მიმართებით, რომელშიც 10 მსხვილი მიმართულებაა გაწერილი, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს უნარები ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. ამ ყველაფერზე ერთ მილიარდ ევროზე მეტია გამოყოლი. თუკი თითოეულ ადამიანს ექნება უნარების დიდი მარაგი, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის," - ამბობს ლელა მაისურაძე. 


ექსპერტების გარდა, ღონისძიებაზე მიწვეულმა სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ილაპარაკეს ისეთ საკითხებზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროფესია და ამ პროფესიასთან მიბმული განათლება.

მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ ბრენდინგის ექსპერტი ალექს ჩიქოვანი, ფორბს ჯორჯიას მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე, ინდუსტრიული დიზაინერი ზვიად ციკოლია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია, დიზაინერი თაკო გვარაძე, ბარმენი ნინო ხუციშვილი, ტრენერი ეკატერინე ბაბუნაშვილი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი ანუნა ბუკია.

კომენტარები