ომბუდსმენის ანგარიში 2018

ომბუდსმენის ანგარიში: შემაშფოთებელია ბავშვთა ბულინგის გავრცელების მაჩვენებელი

0 კომენტარი
ფოტო: educatolerancia.com

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ "დადებითი ძვრები" განხორციელდა, 2018 წელს მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

"ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს,"- წერია ომბუდსმენის ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 10 თვის მონაცემებს ეყრდნობა, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. აპარატის განცხადებით, მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. 

"ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით, სახელწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური,"- ვკითხულობთ ანგარიშში. 

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებით, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავაც არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე:

"შემაშფოთებელი ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს".

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია 10 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება. 2018 წლის 11 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ომბუდსმენი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატში სულ 7 350 განცხადება შევიდა. 

ომბუდსმენის თქმით, განცხადებების უმეტესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ. 

ამასთან, ომბუდსმენის განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 3 395 მოქალაქე მიიღო, ამასთან საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა 8 089 ზარი. 

სახალხო დამცველის ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 90 რეკომენდაცია/წინადადება. 2018 წლის განმავლობაში მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები