Aquarius

გემი Aquarius ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენის ოპერაციებს წყვეტს

0 კომენტარი
Aquarius ფოტო: AFP

საერთაშორისო ორგანიზაციების, "ექიმები საზღვრებს გარეშე" და SOS Méditerranée-ს განცხადების მიხედვით ისინი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას წყვეტენ. უკანასკნელი გემი, რომლითაც ორგანიზაცია ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას ცდილობდა, Aquarius-ი მარსელის პორტშია, რადგან რეგისტრაცია გაუუქმეს. გემს გიბრალტარმა და პანამამ მათი დროშების ქვეშ ცურვის უფლება ჩამოართვეს. გადაწყვეტილებას საერთაშორისო ორგანიზაცია იტალიის მთავრობის მხრიდან ზეწოლას უკავშრიებს.

იტალიის შინაგას საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ თქვა, რომ ამას მიესალმება. "ნაკლები ცურვა, ნაკლები მიწაზე გადმოსვლა, ნაკლები სიკვდილი. ეს კარგია." დაწერა მან Twitter-ზე.

სალვინი საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელბიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას ცდილობდნენ ადამიანებით მოვაჭრეებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, რომლებსაც ლიბიიდან ევროპაში მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავთ.

Aquarius-მა ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციები 2015 წელს დაიწყო და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მიმდინარე წლის ივნისში მას და მის ბორტზე მყოფ მიგრანტებს იტალიამ პორტები დაუხურა.

მაშინ გემმა ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან 629 ადამიანი გადაარჩინა. მათი უმეტესობა ერითრეადან, განადან, ნიგერიიდან და სუდანიდან ევროპაში არალეგალურად გადასვლას ლიბიის გავლით ცდილობდა. მიგრანტების მიღებაზე უარი თქვა იტალიამ და მალტამ. საბოლოოდ გემი ესპანეთმა მიიღო.

აგვისტოში გემმა კიდევ 141 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის 70 ბავშვი. მაშინ Aquarius-ი 5 დღიანი დაყოვნების შემდეგ მალტამ მიიღო.

არსებული სტატისტიკით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ჩასასვლელად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 1,700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები