ოსკარები 2019

ჰომოფობიური Tweet-ების გამო კევინ ჰარტი 2019 წლის ოსკარის დაჯილდოებას აღარ წაიყვანს

კევინ ჰარტი
AFP

ამერიკელმა კომიკოსმა კევინ ჰარტმა თქვა, რომ ჰომოფობიურ Tweet-ებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას აღარ წაიყვანს.

"გადავწყვიტე წლევანდელი ოსკარების ცერემონიალი არ წავიყვანო. იმიტომ, რომ არ მინდა იმ ღამით, როდესაც შესანიშნავი მსახიობების ნიჭიერებას უნდა ვზეიმობდეთ, ყურადღება ჩემზე გადმოვიდეს. გულწრფელად ვუხდი ბოდიშ ლგბტქ თემს წარსულში ჩემი არასენსიტიური სიტყვებისათვის."

"ბოდიშს ვიხდი, რომ ადამიანებს ტკივილი მივაყენე...მე ვვითარდები და მინდა ასე გაგრძელება. ჩემი მიზანია გავაერთიანო ადამიანები და არა დავაშორო ისინი. დიდი სიყვარული და პატივისცემა აკადემიას. იმედი მაქვს კვლავ შევძლებთ შეხვედრას." დაწერა მან Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას კევინ ჰარტი გაუძღვებოდა, თუმცა მალევე სოციალურ ქსელში ამას კრიტიკა მოჰყვა. მიზეზი კომიკოსის მიერ წარსულში დაწერილი ჰომოფობიური Tweet-ები და ერთ-ერთ შოუზე ნათქვამი ხუმრობაა.

"თუ ჩემი ვაჟი სახლში დაბრუნდება და ჩემი ქალიშვილის თოჯინების სახლით თამაშს დაიწყებს თავზე გადავამტვრევ და ვეტყვი რომ შეწყვიტოს, რადგან ეს გეია." დაწერა მან 2011 წლის 11 იანვარს


ფოტო: Twitter

საკუთარ Tweet-ებში ის ლგბტ ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მოიხსენიებდა. 2010 წელს ერთ-ერთ შოუზე მან თქვა:

"ჩემი ყველაზე დიდი შიშია, რომ ჩემი ვაჟი გაიზრდება და გეი იქნება. გახსოვდეთ, ჰომოფობი არ ვარ, გეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ბედნიერები იყავით. აკეთეთ რაც გინდათ. მაგრამ მე, როგორც ჰეტეროსექსუალ მამაკაცს, თუ შემეძლება იმის პრევენცია, რომ ჩემი შვილი გეი იყოს, ამას გავაკეთებ."

2015 წელს მან ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"დღეს აღარ ვიტყოდი ამ ხუმრობას იმიტომ, რომ როდესაც ეს ვთქვი, ისეთი სენსიტიური დრო არ იყო, როგორიც ახლაა. ჩემი აზრით ისეთი საკითხების გაბუქება გვიყვარს, რაც დიდი ამბავი არაა მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიძლია." თქვა მან.

კევინ ჰარტმა ვიდეო გაავრცელა სადაც ამბობს, რომ აკადემიიდან დაურეკეს და შესთავაზეს საჯაროდ ბოდიში მოეხადა, ან ცერემონიის წამყვანად მის შემცვლელს მოძებნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კევინ ჰარტის თქმით ოსკარების წაყვანა დიდი ხანია მის მიზანს წარმოადგენს, მან თქვა, რომ გადაწყვიტა ბოდიში არ მოეხადა, რადგან ეს ყველაფერი წარსულში იყო და პასუხიც წარსულში გაეცა.

კომენტარები