ძილი

დიდხანს ძილი დაკავშირებულია დაავადებებისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან

BBC

European Heart Journal-ის ახალი კვლევის მიხედვით, ზრდასრულებისთვის 6-დან 8 საათამდე ძილია რეკომენდირებული, უფრო დიდხანს ძილი დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ რისკთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

კვლევა 7 რეგიონში, 21 ქვეყანაში ჩატარდა. შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც რეკომენდირებულ დროზე მეტხანს ეძინათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი ჰქონდათ, როგორიცაა გულის შეტევა, ამასთანავე სიკვდილიანობა 41%-ით მაღალი იყო.

ამის სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული მდგომარეობა, რის გამოც მათ უფრო დიდხანს სძინავთ.

ჯგუფი, რომელსაც პეკინის სამედიცინო კოლეჯის დოქტორანტი ჩუანგში ვანგი ხელმძღვანელობდა დაადგინა, რომ რისკი მაღალი იყო იმ ადამიანებშიც, რომლებსაც შუადღით სძინავთ.

“დღის განმავლობაში ძილი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალ რისკთან იმ ადამიანებში, რომლებსაც ღამე 6 საათზე მეტხანს სძინავთ” - ამბობს ის.

ამ საკითხზე აქამდე ჩატარებული კვლევები, ძირითადად, მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და იაპონიას. ეს კვლევა კი უფრო გლობალურ სურათს გვთავაზობს.

“მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ძალიან საინტერესოა, ის არ ამტკიცებს მიზეზსა და ეფექტს” - ამბობს ჯული ვორდი, British Heart Foundation-ის ექიმი, რომელიც კვლევაში ჩართული არ იყო.

ძილის ნაკლებობა - 6 საათზე ნაკლები - ასევე ზრდის რისკებს 9%-ით, თუმცა ეს მიგნება არ აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კვლევისთვის.

მკვლევრებმა 35-დან 70 წლამდე 116,632 მოზარდი გამოჰკითხეს მათი ძილის ჩვევების შესახებ. ჯგუფმა დაადგინა, რომ ყოველი 1,000 ადამიანში, რომელსაც ღამე 6-დან 8 საათამდე ეძინა, 7,8%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. იმ ადამიანებში, რომლებსაც რეკომენდირებულ დროზე ნაკლები ეძინათ ეს მაჩვენებელი 9,4% იყო.

ფრანცისკო კაპუჩიო, ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ “ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ რისკთან.”

“თუ დიდი ხნის განმავლობაში გძინავს ცოტა ხანი, უფრო დიდი შანსია, რომ ქრონიკული დაავადება გაგივითარდეს” - ამბობს ის.

თუმცა უფრო დიდი რისკის მაჩვენებელი იმ ადამიანებში აღმოჩნდა, რომლებსაც რეკომენდირებულ დროზე დიდხანს სძინავთ.

ყოველ 1,000 ადამიანში იმ ადამიანებს, რომლებსაც 8-დან 9 საათამდე ეძინათ ეს რისკი 8,4% იყო, 10 საათის შემთხვევაში - 10,4%, ხოლო 10 საათზე მეტხანს ძილის შემთხვევაში - 14,8%.

კაპუჩიო თანხმდება, რომ “დიდხანს ძილი არ იწვევს სიკვდილს ან დაავადებებს, არამედ დაავადებული ჯანმრთელობის სიმპტომია დიდხანს ძილი”.

კაპუჩიომ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელსაც გამოუმჟღავნებელი დაავადება აქვთ, შეიძლება დიდხანს ძილისკენ ჰქონდეთ მიდრეკილება.

ვანგი აღნიშნავს, რომ ძილისთვის ოპტიმალური დრო 6-დან 8 საათამდეა და “არსებობს მარტივი ხერხები, რომელიც უკეთ ძილში დაგვეხმარება - თავი უნდა შეიკავოთ კოფეინის მიღებისგან შუადღით ან საღამოს, ასევე ალკოჰოლისა და ნიკოტინისგან. ვარჯიში და ბალანსირებული კვება ასევე დაგეხმარებათ უკეთ ძილში.” - ამბობს ის.

კომენტარები