ომეგა ჯგუფი

კაკაურიძე ომეგა ჯგუფზე: გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი და მიიღებს აქციზურ მარკებს

rustavi2.com

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, "ომეგა ჯგუფს" ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და კომპანია აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებს.

"გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება ამ შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია,  შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს, გადაიხდის თანხას, მიითღებს მარკებს" - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

"ომეგა ჯგუფი“ კი აცხადებს, რომ მათ სრულად დაფარეს "მიმდინარე გადასახადები" და დავალიანება არ ერიცხებათ. ომეგა ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას "სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის - ისინი ითხოვენ, "შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები" და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები.

"ომეგა ჯგუფის მიერ 3,5 და 6 დეკემბერს განთავსებული შეკვეთიდან დღემდე არცერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის მიერ. ომეგა ჯგუფის საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას,“ - განაცხადა "ომეგა ჯგუფის" გენერეალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფმა" 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა. უწყება ამბობდა, რომ მათ გაითვალისწინეს კომპანიის მოთხოვნა და ინკასო მოხსნეს, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, იმ დროის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებდა.

ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით კი, მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

კომენტარები