არეულობის საფრთხის გამო შაბათ-კვირას ეიფელის კოშკი და ლუვრი დაიკეტება

www.ndtv.com

ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი და შანზ-ელიზეზე არსებული მაღაზიები შაბათ-კვირას დაიკეტება. ხუთშაბათს საფრანგეთის მთავრობამ კვირის ბოლოს არეულობების შესაძლებლობაზე გაფრთხილება გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის მონაწილეები დედაქალაქში დაბრუნებას და ვანდალიზმის გაგრძელებას გეგმავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შაბათს დემონსტრანტების მხრიდან კვლავ ძალადობრივ ქმედებებს ელოდებიან, რადგან აქციაზე, როგორც რადიკალური მემარჯვენე, ასევე რადიკალური მემარცხენე ძალები აპირებენ გამოსვლას.

პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპის განცხადებით, პარიზის ქუჩებში 8,000, ხოლო ქვეყანაში 89,000 პოლიციელი იქნება მობილიზებული ძალადობრივი რისკის შესამცირებლად.

მთავრობამ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ 8-9 დეკემბერს სახლებში დარჩნენ. შაბათ-კვირას დაიკეტება ყველა ძირითადი მუზეუმი და ოპერა. გადაიდო რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრაც. პარიზში მიმდინარე მოვლენები, სავარაუდოდ, ბიზნესებს ათასობით ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ "ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.

კომენტარები