თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობამ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდანი დააჯილდოვა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობამ" ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ლგბტქ ადამიანების თანასწორობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. 

ეპისკოპოს რუსუდან ჯილდო ტაბულას გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანმა, ლევან სუთიძემ, გადასცა. 

"მე მინდა, ეს ჯილდო გადავცე ადამიანს, რომელმაც ხარისხი შეიმოსა არა იმისთვის, რომ იმსახუროს სხვები, არამედ იმისთვის, რომ ემსახუროს სხვებს. ადამიანს, რომელმაც რწმენაში განჭვრიტა თავისუფლება და არა - ბორკილი. ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა, რომ ადამიანის მიერ ნაშენებ კედელზე, როგორი მაღალიც უნდა იყოს ის, ღმერთი უფრო მაღალია და შეუძლია, ამ კედელს მიღმა გადაიხედოს. ადამიანი, რომელიც თავისუფლად და მთელი სიამაყით შემიძლია, ვთქვა, არის სოლიდარობის სიმბოლო. ადამიანი, რომელიც თავად იქცა დიდ თეოლოგიურ გარღვევად საქართველოში, რადგან მავანს მიაჩნდა, რომ მას, ვისაც არ ამოდის წვერი, არ შეიძლება ეპისკოპოსი ეწოდოს. ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა, რომ შემოქმედს, რომელსაც სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთს უწოდებენ, შეუძლებელია, სძულდეს საკუთარი შვილი. და ეს გააცნობიერა, ალბათ, იმიტომ, რომ სახარებას უფრო ხშირად კითხულობდა, ვიდრე კოცნიდა მას. ამ ადამიანს ხმამაღალი, საჯარო, გამბედავი სიტყვა აქვს ნათქვამი ლგბტქ ადამიანების სასარგებლოდ. მას მიუშვერია მკერდი სხვისთვის ნასროლი ქვისთვის და ის არის ერთერთი ყველაზე მამაცი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ. ამიტომ, მთელი პატივით, მადლიერებითა და დიდი მოწიწებით, მსურს სცენაზე ვთხოვო ამ მამაც ქალს," - თქვა სუთიძემ ჯილდოს გადაცემის წინ. 

დაჯილდოების ღონისძიება "თანასწორობის გალა" დღეს, 7 დეკემბერს გაიმართა. ლგბტქ ადამიანების თანასწორობაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, დაჯილდოვდნენ:

პოლიტიკოსი თამარ კორძაია, ხელოვანი ლაშა ცერცვაძე, მწერალი დათო გაბუნია, ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი, აკადემიკოსი გიორგი მაისურაძე, შიდსის აქტივისტი გიორგი სოსელია და ფეხბურთელი გურამ კაშია. წლის მხარდამჭერ ბიზნესად კი, კლუბი ბასიანი/ჰორუმი დასახელდა. 

კომენტარები