რასობრივი დისკრიმინაცია

რუსთავში კამერუნის მოქალაქეზე კანის ფერის გამო ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

რადიო თავისუფლება


რუსთავში კანის ფერის გამო კამერუნის მოქალაქის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებული პირი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შემთხვევა რუსთავში 28 ნოემბერს მოხდა. კამერუნელ ჯორჯ უემსს მიკროავტობუსში სცემეს, შემდეგ კი თავდამსხმელი, თანმხლებთან ერთად, ქუჩაშიც ჩამოჰყვა.

“ჩემს გვერდით იჯდა ერთი მამკაცი. მკითხა, რას აკეთებ, რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო. მე არაფერი მითქვამს, იმიტომ რომ ის ნასვამი იყო და მასთან საუბარი არ მსურდა. შესაძლოა, აგრესია გამოევლინა. ის ცუდ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. შემდეგ მხარზე მომიჭირა და მითხრა „შენ გეუბნები, ბიჭო!.“ ქართულ ენაზე მივმართავ: „რას აკეთებ, ძმა, რას აკეთებ?.“ ამაზე მიპასუხა: „ესე იგი ქართულიც იცი? რატომ არ მიპასუხე?!“ და დაიწყო ცემა - თავში მირტყამდა,“ - ყვება ჯორჯ უემსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

პოლიციას მიკროავტობუსში და შემდეგ ქუჩაში ტელეფონით გადაღებული ვიდეოებიც ჰქონდა.

გამოძიება თავდაპირველად ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმეს რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია მიენიჭა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები