წარუმატებელი მცდელობა

გარდაცვლილი შვილის მოსაგონებლად სასტუმროს სტუმრებს მის მანეკენს ახვედრებდნენ

იამაიკის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს თანამშრომლებმა მათთან სტუმრად მყოფი ბრიტანელი წყვილის გარდაცვლილი შვილისთვის პატივის მიგება მეტისმეტად უცნაური, შეიძლება ითქვას, შემზარავი ფორმით სცადეს.

მოგვიანებით მათ ბოდიშის მოხდა მოუწიათ.

ფაიე და ენდიუ სტეფენების 21 წლის შვილი ალექსი 2014 წელს აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ოჯახი, რომელთაც დასასვენებლად ალექსის ბებიაც ახლდა, სწორედ მისი დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, ისევე, როგორც ყოველ წელს შვილის გარდაცვალების შემდეგ.

ყველაფერი წყვილის ახლობლის კარენ ბეიკერის თხოვნით დაიწყო. მან სასტუმროს ორ თანამშრომელს ფული გადაუხადა და მისი მეგობრებისთვის ოთახის შესაბამისად მორთვა ითხოვა.

ბეიკერს ნომრის მხოლოდ ტორტითა და ბუშტებით გაფორმება სურდა, თუმცა სასტუმროს თანამშრომლებმა მშობლების ტანსაცმელში ჩატენილი პირსახოცებით ადამიანის ზომის მანეკენი შექმნეს, ცრემლები მიახატეს, საწოლზე წამოაწვინეს და ტორტი დაადეს. გვერდით წარწერაც გაუკეთეს: „გვენატრები, ალექს“.



საბედნიეროდ, ეს ინსტალაცია პირველმა კარენ ბეიკერმა ნახა და როგორც თავად ამბობს, „უკიდურესად შეძრწუნდა“. სახელდახელოდ შექმნილი მანეკენი მანამ მოაშორეს, სანამ გარდაცვლილის მშობლები ნახავდნენ.

BBC-ის ცნობით, „გაუგებრობისთვის“ტურ-ოპერატორმა ოჯახს დანახარჯები აუნაზღაურა.

კომენტარები