შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

IBSU-ს პირველკურსელთა მიღების უფლება დაუბრუნდა

0 კომენტარი
ფოტო: შავი ზღვის უნივერსიტეტი

შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დაუბრუნდა. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტთა ნაკადის მიღება 20 აგვისტოს შეუჩერა. შეზღუდვა ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო.

გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა.

უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ და ალოგიკურად მიიჩნევდა. ჩატარდა არაერთი საპროტესტო აქცია.

ხსენებული საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა მიღების შეჩერების გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში დაფარა.

უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. ოქტომბრეში სააპელაციო საბჭომ გადაწყვეტილება ხელახლა განსახილველად ავტორიზაციის საბჭოს დაუბრუნა, როგორც დაუსაბუთებელი.

22 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა, უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის დავა შეწყდა. უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა.

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა საერთო რაოდენობა 3500-ით განესაზღვრა. უნივერსიტეტი აპირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს განცხადებით, რომ მომავალ სემესტრში სტუდენტებს, რომლებმაც წელს მათთან ჩააბარეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, დაბრუნდნენ შავი ზღვის უნივერსიტეტში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაალ ანდრონიკაშვილი

კომენტარები