ფლორიან ვან დერ ბელენი

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას გეგმავს

ფლორიან ვან დერ ბელენი (მარჯვნივ), მამასთან, ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად
kurier.at

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, ფლორიან ვან დერ ბელენი საქართველოში პირველად 2017 წლის აპრილში ჩამოვიდა 1 კვირით. 

"როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვერ ვიძინებდი. რაღაც არ მასვენებდა. ეს იყო როგორც შეხვედრა არაჩვეულებრივ ადამიანთან, როდესაც 3 დღის შემდეგ აცნობიერებ, რომ მგონი შეგიყვარდა. " - ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მას შემდეგ, ფლორიანი საქართველოს უკეთ გასაცნობად რამდენჯერმე ჩამოვიდა - "მინდოდა გამეგო სიმართლეა თუ არა, რომ საქართველო ლიბერალური ქვეყანაა, თავისუფალი კორუფციისგან. მართლა აქვს თუ არა ყველა ის უპირატესობა, რაზეც საუბრობენ. ეს სიმართლე აღმოჩნდა."

ფლორიან ვან დერ ბელენმა 2018 წლის მაისში საქართველოში თავისი კომპანია დააფუძნა და აქ საცხოვრებლად გადმოსვლასაც გეგმავს. ის დაკავებულია ტურიზმით და ბიზნეს კონსულტაციით. ფლორიანის თქმით, ევროპისთვის საქართველო ჯერ კიდევ ეგზოტიკაა და როდესაც ის საქართველოზე საუბრობს, მისი სიტყვები სიყვარულს აღძრავს, ეს კი ბიზნეს შესაძლებლობებს ზრდის. 

ფლორენი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს კარგად არ ესმის, თუ რამდენად დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს საქართველოს. 

ფლორიანის ბაბუა რუსი იყო, ბებია ესტონელი. მეორე მსოფლიო ომის დროს, რეპრესიებისგან თავის დასაღწევად, ისინი საბჭოთა კავშირიდან გაიქცნენ. 

ფლორიანის მამა ავსტრიის ამჟამინდელი პრეიზდენტია, თუმცა შვილს პოლიტიკა არ აინტერესებს. "პრეზიდენტობა მისი წარმატებაა და არა ჩემი. ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა. მე ვპასუხობ - ფაქტობრივად არანაირად. შეიცვალა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მას უფრო იშვიათად ვნახულობ." - ამბობს ის. 

კომენტარები