პარიზში "ყვითელი ჟილეტების" აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
აქციის მონაწილეებმა მანქანები, ნაგვის ურნები და ბარიკადები დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს 600-ზე მეტი ადამიანი.
ოფიციალური ინფორმაციით პარიზის აქციებში მონაწილეობას 8,000-მდე ადამიანი იღებს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 31,000 ადამიანი გამოვიდა.
მომიტინგეების ნაწილმა დედაქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთ ნაწილისკენ გადაინაცვლა, სადაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მარში იმართება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ მოძრაობა ანტი-სამთავრობო აქციებში გადაიზარდა. მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გასულ კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.
პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.
მას შემდეგ, რაც მოძრაობის წევრებთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.