ეუთო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს: გააუქმეთ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. განცხადებაში საუბარია არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებზეც.

ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ საქართელოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთს მოუწოდებენ გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

"ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

მივესალმებით საქართველოს პროგრესს ქვეყნის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის გაძლიერების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების განმტკიცების, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობებით ვერ სარგებლობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობა. გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დიდ სასიკეთო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ვითარება უარესდება და ზიანდება ის პრინციპები და ნორმები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოება.

ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. ამ კონტექსტში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრა, ჩვენ ვითვალისწინებთ ტატუნაშვილიოთხოზორიას სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ეფუძნება.

ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ვგმობთ ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის, წამების შესახებ ბრალდებებს და სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ფაქტებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს. შეშფოთებულები ვართ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით გამოწვეული შედეგებით.

ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მასობრივი განადგურების ფაქტს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის კვალის სრული გაქრობისკენ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოხატულებაა. მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას." წერია განცხადებაში.

კომენტარები