ლუდმილა ალექსეევა

რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი უფლებადამცველი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ლუდმილა ალექსეევა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელის, მიხეილ ფედოტოვის განცხადებით "ის ბოლო მომენტამდე ადამანის უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტად დარჩა. ეს საზარელი დანაკარგია რუსეთში ადამიანის უფლებათა მოძრაობისთვის." 

ალექსეევამ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, საბჭოთა კავშირში, 1950 წელს დაიწყო. პროფესიით არქეოლოგი ალექსეევას ბინა საბჭოთა კავშირში დისიდენტი ინტელიგენციის თავშეყრის და აკრძალული ლიტერატურის შენახვის და გავრცელების ადგილი იყო. 

1968 წელს იგი კომუნისტური პარტიიდან გააგდეს მისი აქტივიზმის გამო. 1976 წელს ალექსეევამ დაარსა ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის წევრებიც დაარსებიდან ერთ წელიწადში დააპატიმრეს ან გადაასახლეს.

1977 წელს გამოჩენილი უფლებადამცველი აშშ-ში გადასახლდა, სადაც განაგრძო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა. ის რუსეთში 1993 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნდა და პუტინის ხელისუფლების კრიტიკა განაგრძო.

2006 წელს ალექსეევა წინ აღუდგა ქართველი მოქალაქეების რუსეთიდან მასობრივ დეპორტაციას. ალექსეევა მწვავედ აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ომს, 2014 წელს მან გააკრიტიკა მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, მომდევნო წელს კი ბორის ნემცოვის სიკვდილს "საზარელი პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა. 

უფლებადამცველის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა. 

კომენტარები