საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: ყვითელი ჟილეტების აქციები ეკონომიკისთვის კატასტროფულია

Reuters

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მაირის თქმით "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფული გამოდგა.

"ეს კატასტროფაა ვაჭრობისათვის, ეს კატასტროფაა ჩვენი ეკონომიკისათვის." თქვა მან პარიზის ქუჩებში აქციების შედეგად დაზარალებული მაღაზიების მონახულებისას.

საფრანგეთში აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. გუშინ ქუჩებში 125,000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში 10,000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1,700 ადამიანი დააკავა.

აქციების გამო დაკეტილია ტურისტული სანახაობები, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრის მუზეუმი.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას უახლოეს დღეებში მიმართავს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა:

"მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ვეუბნებით დონალდ ტრამპს: შეეშვით ჩვენს ქვეყანას." თქვა მან.

გუშინ დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"პარიზის შეთანხმება აშკარად ვერ მუშაობას კარგად პარიზისთვის. მთელს საფრანგეთსი აქციები და არეულობაა. ხალხს არ სურს დიდი ოდენობით ფულის გადახდა, მისი დიდი ნაწილის მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის (რომელთა მმართველობაშიც საეჭვოა), იმისათვის, რომ გარემო დაიცვან. ისინი იძახიან "ჩვენ გვინდა ტრამპი!". მიყვარს საფრანგეთი." დაწერა მან.

ამის შემდეგ მან პარიზში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა:

"ძალიან სევდიანი დღე და ღამეა პარიზში. შეიძლება, დროა დავასრულოთ ეს უაზრო და ძალიან ძვირი პარიზის შეთანხმება და ფული ხალხს დაბალი გადასახადების სახით დავუბრუნოთ? აშშ უკვე წინ არის ამ მიმართულებით და ერთადერთი დიდი ქვეყანაა, სადაც გასულ წელს გამონაბოლქვი შემცირდა." დაწერა მან.

კომენტარები