ქართული მარში

ლორთქიფანიძე: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას

0 კომენტარი

ძალადობრივი მოძრაობა ქართული მარში და მათი მომხრეები აჯანყების დაწყებით იმუქრებიან. ისინი იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და "ქართული მიწების" გაყიდვა არ დაუშვას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს "სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნაა".

"მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, ეს აქცია აუცილებლად გადაიზრდება საყოველთაო, სახალხო, სრულიად ეროვნულ აქტში, აჯანყების აქტში. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება მინიჭებული აჯანყდეს. ისევე როგორც ნებისმიერ საჯარო პირს უფლება აქვს გაიფიცოს. მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, გამორთონ სერვერები და უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და გაიფიცონ. ჩვენ, სრულიად ქართული საზოგადოება ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს. იმ შემთხვევაში თუ სრულიად ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი. არ დავემორჩილებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ." - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს - კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც "მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით". ეს ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, როგორც ახალ კონსტიტუციაში წერია, "იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე".

სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.

მანამდე კი 2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.ძალადობრივი ჯგუფი ქართული მარში რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად, იუსტიციის სახლთან აქცია-პიკეტს აწყობს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები