საფრანგეთი

საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში რუსეთის ჩარევას იძიებს

Reuters

საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში რუსეთის ჩარევას იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები საპროტესტო მოძრაობაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

German Marshall Fund of the United States (GMF)-ის დემოკრატიის დაცვის ალიანსის ანგარიშის მიხედვით Twitter-ის 600-მდე ანგარიშის, რომლებიც წარსულში კრემლის პოზიციებს ავრცელებდნენ, ფოკუსი უკანასკნელ პერიოდში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობაზეა.

მათ მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული სახელმწიფო მედიაა, მათ შორის Russia Today, Sputnik და Ruptly.

მაგალითად Sputnik და Russia Today-ს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიცია პრეზიდენტ მაკრონს მხარს აღარ უჭერს და მომიტინგეებს უერთდება, რომელსაც ორი მცირე დანაყოფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ. ისინი ავრცელებდნენ ვიდეოსაც, რომელშიც საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ პოში პოლიციელები ჩაფხუტებს მათი თქმით მომიტინგეებისადმი სოლიდარობის ნიშნად იხსნიან, რაც ადგილობრივი პოლიციის და სხვა მედიის მიხედვით მცდარია და პოლიციელებმა ჩაფხუტები მხოლოდ მომიტინგეებთან დასალაპარაკებლად მოიხსნეს.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი ბრალდებებს უარყოფს:

"ჩვენ არ ჩავრეულვართ და არ ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრნაგეთის შიდა საქმეებში." ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სოციალური მედიის მეშვეობით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში წარსულშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, მათ შორის ბრექსითის რეფერენდუმის და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობდა ემანუელ მაკრონი 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საფრანგეთს მოუწოდა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ.

ზახაროვამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხის, Russia Today-ს საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი, Russia Today International-ის ორი ჟურნალისტი და RUPTLY-ს ორი კორესპონდენტი.

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. შაბათს ქუჩებში 125,000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში 10,000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1,700 ადამიანი დააკავა.

კომენტარები