ქართული მარშის აქცია

დანელია მარშის აქციაზე: დეპუტატი რომ არ ვიყო, მეც იქ ვიქნებოდი

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ დანელია ამბობს, რომ რომ არა მისი თანამდებობა, თავადაც ქართული მარშის აქციას შეუერთდებოდა და მათთან ერთად გააპროტესტებდა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმებას. 

ქართული მარშის წევრები მორატორუმის ერთი კვირით გაუქმებას იუსტიციის სახლთან დილიდან აპროტესტებენ და მოქალაქეებს შენობაში შესვლის და მომსახურების მიღების საშუალებას არ აძლევენ.

"აქციის სულისკვეთებას ვიზიარებ და ვუერთდები. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა იუსტიციის სამინისტრო, ვინაიდან, მე მესმის, რომ საკონსტიტუციო პრეცედენტი ჰქონდა და მას ეს პრეცედენტი უნდა გაემეორებინა, მაგრამ ტექნიკურად იყო შესაძლებლობა, რომ ეს დაძაბულობა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ორგანული კანონი დაარეგულირებს სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისების საკითხს, თუმცა ამას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. 

პროტესტი არის საზოგადოებრივი, მართებული. მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედანვე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი და პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საზოგადოებრივი მუხტი და ლეგიტიმური პროტესტი. საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. 

კარგი იქნებოდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას თავი შეეკავებინა ყველას. მე არ მინდა შევეხო ინსტიტუტებს, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ერთკვირიანი დაძაბულობა მოიტანა", - თქვა ოთარ დანელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა საქმის კურსში. 

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს გამოცხადდა. 

მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვადა მხოლოდ 9 დღე, 16 დეკემბრამდე აქვს. მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს, ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომელიც "მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე". 

რაც შეეხება ორგანულ კანონს, პარლამენტი მის განხილვას სწორედ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს. 

ოთარ დანელია ამბობს, რომ კანონპროექტში "არის სრული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში; იურიდიულ პირებთან მიმართებაში, თუ საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი ფლობს კომპანიას, ასეთ შემთხვევაში აქვთ მათ მიწის ფლობის უფლება. ასევე ქორწინებით აღარ იქნება გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლების გადაცემა, რადგან ის აქაც ვხედავთ რისკებს; რაც შეეხება მთავრობის დისკრეციას, აქ საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც უცხოური მსხვილი კონსორციუმების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები