დიმიტრი გაბუნია

ადვოკატთა ასოციაცია: დიმიტრი გაბუნიას კრიტიკა ადვოკატის კლიენტთან გაიგივებას წარმოადგენს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

​საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ქალთა უფლებადამცველების განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები ადვოკატის კლიენტთან გაიგივებაა და სასამართლო სიტყვის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება.

"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის. ამასთან, ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ადვოკატთა ასოციაციას არგუმენტად მართლმსახულების განხორციელებაში ადვოკატის სპეციფიური როლი მოჰყავს და საქართველოს კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით "დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით...ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით".

გარდა ამისა, ასოციაცია ეყრდნობა "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონსაც, რომლის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც საქართველოში ადვოკატის ლიცენზიებს გასცემს, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის შეუძლია გამოიყენოს დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც "შესაძლოა არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ".

გარდა ამისა, ასოციაციას თავისი პოზიციის არგუმენტად მოჰყავს ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლიც, რომლის თანახმად: "ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან".

ადვოკატთა ასოციაცია ყველას მოუწოდებს ადვოკატის როლი და ფუნქცია სწორად გაიაზრონ.

"აქვე გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და შესაბამისად, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ასოციაცია აღნიშნავს, რომ "განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას" და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაქვს წვლილი შეაქვს ამ იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადახედოს მის გადაწყვეტილებას საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით.

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია. პირველ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა: "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?"

CIDA-ს​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვა დაადასტურა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები