პური

ბოკერია პურის ფასზე: რის გამოძიებას ავალებენ, არ იციან, ლარის კურსს რა დაემართა?

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება საწვავზე აქციზის შემცირება.

"რა ორგანოებს ავალებს, რის გამოძიებას ავალებს? არ ვიცით, ან არ იციან ლარის კურსს რა დაემართა? ან არ იციან გადასახადების დაწევის ნაცვლად რომ აწიეს გადასახადები, კერძოდ აქციზი?", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო წლების მანძილზე ურჩევდა მთავრობას, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასა და ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება გადასახადების დაწევა. ბოკერიას შეფასებით, ამის ნაცვლად, გრძელდება გადასახადების ზრდა, კერძოდ, საწვავის აქციზზე.

"ახლა გამოდის და უტიფრად კითხვას სვამს, გამოდის, რომ რაღაც შეთქმულების თეორიას გვთავაზობს კვლავ... ისევ ილაპარაკა "აწარმოე საქართველოზე", იმის მაგივრად, რომ ბაზარს და ხალხს დაუბრუნოს ეს ფული და არ შეუწყოს ხელი ფასების ზრდას, მათ შორის პურზე, ამის მაგივრად ამ ფულს ართმევენ, შემდეგ ამ ფულთან მიმართებაში გვაქვს კორუფციული ნეპოტისტური გარიგებები ან გაფლანგვა ან მავნებლური პროექტები. ძალიან მარტივი საკითხია, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება, მაგალითად, საწვავზე აქციზის შემცირება, ან განახევრება, ან გაუქმება ან მინიმუმ იმ ზღვარამდე ჩამოწევა, სანამ ქართული ოცნება მას გაზრდიდა, იმიტომ, რომ საფლანგავი ფული ნეპოტიზმის და კორუფციისთვის. დღეს რაც შემოგვთავაზა არის კიდევ ერთი უტიფრობის შეთავაზება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ მამუკა ბახტაძის შეფასებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციას უკავშირდებოდეს. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ - რა ხდება ამ მიმართულებით.

პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა.

კომენტარები