მიწების გასხვისება უცხოელებზე

წულუკიანი: დღეს უცხოელების სახელზე მიწა არ დარეგისტრირებულა, არაა საჭირო ღია კარის მტვრევა

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მასშტაბით, სასოფლო სამეურნეო მიწა არც ერთი უცხოელის სახელზე არ დარეგისტრირებულა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა ქართულ მარშს მოუწოდა, პიკეტირებით ხელი არ შეუშალონ იმ მოქალაქეებს, ვისაც იუსტიციის სახლის სერვისების მიღება სჭირდებათ.

"როცა საკუთარ აზრს გამოვხატავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში ყოველდღიურად მოდის 10 000-ობით ადამიანი, ზოგს აქვს პასპორტი ასაღები, ზოგს გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს დაბადების მოწმობა სჭირდება. ასეთ ადამიანებს, დღეს სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საპროტესტო აქციამ დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან ეს მომსახურება განახლდება.

მაგალითისთვის მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მასშტაბით, დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე სასოფლო სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებაღათელვა არის უადგილო, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მითუმეტეს, ხელის შეშლა სხვებისთვის. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ და სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ" - ამბობს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმითვე, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ განიზრახა, ხუთ დღეში მოასწროს მიწების უცხოელებზე რეგისტრაცია, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის იუსტიციის სახლი მხოლოდ ერთერთი ადგილია, სადაც ადამიანებს მიწის რეგისტრაცია შეუძლიათ.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის ქართული მარშის მონაწილეებს, თეა წულუკიანმა აღნიშნა - "მე ვფიქრობ, იმაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც უკვე გითხარით".

ძალადობრივი ჯგუფის ქართული მარშის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლთან პიკეტი დღეს მოაწყვეს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს მოუწოდებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და "ქართული მიწების" გაყიდვა არ დაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აჯანყებით იმუქრებოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს - კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც "მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით". ეს ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, როგორც ახალ კონსტიტუციაში წერია, "იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე".

სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.

მანამდე კი 2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.ძალადობრივი ჯგუფი ქართული მარში რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად, იუსტიციის სახლთან აქცია-პიკეტს აწყობს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

კომენტარები