საფრანგეთი

მაკრონი ფრანგებს მინიმალური ხელფასის გაზრდას და გადასახადების შემცირებას დაპირდა

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის და გადასახადებს შეამცირებს.

მაკრონის თქმით მომიტინგეების ბრაზი "ღრმა, და მრავალმხრივ ლეგიტიმურია", თუმცა ძალადობას გმობს:

"ბევრი ადამიანის სტატუსი საზოგადოებაში არ არის საკმარისად დაფასებული. ჩვენ ამას თითქოს ლაჩრულად მივეჩვიეთ და ისე ჩანს, თითქოს ისინი დაგვავიწყდნენ. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ სიტუაციაზე - შესაძლოა ისეთი გრძნობა გაგიჩინეთ, თუთქოს სხვა სადარდებელი და პრიორიტეტები მაქვს. ვიცი, რომ ზოგ თქვენგანს ტკივილი მივაყენე ჩემი სიტყვებით." თქვა მან.

მაკრონის გეგმის მიხედვით 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი თვეში 100 ევრომდე გაიზრდება. ამასთანავე გაუქმდება დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც დაბალშემოსავლიან პენსიონრებს გადასახადები ეზრდებოდათ.

გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს.

მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

შგახსენებთ, რომ გუშინ მაკრონი პროფესიული კავშირების და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილა.

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით ეს ქვეყნის ეკონომიკისათვის კატასტროფულია.

პეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

შაბათს ქუჩებში 125,000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში 10,000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1,700 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში რუსეთის ჩარევასაც იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები საპროტესტო მოძრაობაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

კომენტარები