ვალების განულება

სამინისტრო: vali.ge-ზე 3 მილიარდზე მეტი გასანულებელი თანხის მონაცემებია უკვე ატვირთული

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ არის ატვირთული ინფორმაცია, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

სამინისტრო იმ პროცედურებს განმარტავს, რაც ვებ-გვერდზე მონაცემების გადასამოწმებლად არის საჭირო.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

·         მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

·         დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

·         უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

"აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

·         სს „საქართველოს ბანკი“

·         სს „თიბისი ბანკი“

·         სს „ლიბერთი ბანკი“

·         სს „სილქ როუდ ბანკი“

·         სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

·         სს „იშბანკი საქართველო“

უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები.

სესხების განულების საიტი vali.ge გუშინ 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, თუმცა დაგეგმილ დროს საიტი არ ამუშავდა. საიტი დღეს უკვე მუშაობს.

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები