ფოტოგრაფია

ოჯახი 100,000$ გადაუხდის ფოტოგრაფს, რომელიც მათთან ერთად მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს

www.expertphotography.com

Perfocal ბრიტანული ვებსაიტია, რომელიც ფოტოგრაფებს კლიენტებთან აკავშირებს. ცოტა ხნის წინ საიტზე დამაინტრიგებელი შემოთავაზება დაიდო. ხშირ შემთხვევაში ოჯახები ერთი დღისთვის ქირაობენ ფოტოგრაფებს, ამ შემთხვევაში კი ოჯახი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მათთან ერთად მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ყველა კადრის დასაფიქსირებლად.

ოჯახი გამოცდილ ფოტოგრაფს 80,000 ევროს, ანუ დაახლოებით 101,000 დოლარ წლიურ ხელფასს გადაუხდის. ოჯახი აქამდეც მუშაობდა ერთ ფოტოგრაფთან, თუმცა მას გადაუდებელი ოჯახური პრობლემების გამო სახლში დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, პოზიცია ახლა ვაკანტურია. გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფს წლიური ხელფასი ექნება, ოჯახი დააფინანსებს მისი მგზავრობის ხარჯებსაც - ფრენა, საცხოვრებელი, საკვები და დაზღვევა.

ვინც ამ პოზიციას დაიკავებს, უნდა იცოდეს, რომ ერთი მოგზაურობა დაახლოებით სამ თვეს გრძელდება, ხოლო მოგზაურობებს შორის სახლში მხოლოდ რამდენიმე დღის გატარება შეეძლება. ფოტოგრაფი დღეში დაახლოებით 10 საათს იმუშავებს, თუმცა ამავდროულად მას შეეძლება დაესწროს ფორმულა ერთს მონაკოში, ნახოს მალდივები, კარნავალი რიო დე ჟანეიროში და სხვა.

ოჯახის შესახებ ცნობები დაფარულია, თუმცა ვიცით, რომ ეძებენ ფოტოგრაფს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით. ფოტოგრაფს დიდი კონკურსის გავლა მოუწევს.

ოჯახმა ძებნა სექტემბერში დაიწყო და იმედოვნებენ, რომ 2019 წლის თებერვლამდე იპოვიან სასურველ კანდიდატს.

კომენტარები