მეუფე იაკობი

სასამართლომ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა და 1 ლარის გადახდა დააკისრა

wikipedia.org

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც იგი ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

ტაბულასთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მეუფე იაკობს მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანისთვის სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა დააკისრა.

"მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილებულია. საუბარი მაქვს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, როდესაც ქორეპისკოპოსმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში და ინფორმაცია დათა ახალაიასთან მიმქონდა, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და ქორეპისკოპოსს დააკისრა ყველაფრის საჯაროდ უარყოფა", - ამბობს რამიშვილი.

მისი თქმით, მან მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის ერთი ლარის გადახდა სიმბოლურად მოითხოვა, "მოვითხოვე სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება, რადგან ჩემი ღირსება და პატივი შეუფასებელია, დიდი მადლობა მოსამართლეს, ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები