კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუ

"ძილი, კვება და ვარჯიში" - კრიშტიანუ რონალდუს პირველი ინტერვიუ იტალიაში

zimbio.com

ტურინის იუვენტუსში გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ პირველი ვრცელი ინტერვიუ Gazzetta dello Sport-ს, Corriere dello Sport-ს და Tuttosport-ს მისცა. 33 წლის პორტუგალიელს კითხვებს სამივე გამოცემის წარმომადგენლები უსვამდნენ.

“ოქროს ბურთი“

ვფიქრობ, “ოქროს ბურთს“ ყოველ წელს მე უნდა ვიგებდე. ამისათვის ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ თუ ჯილდოს ვერ ვიგებ, ცხოვრების დასასრული არც ესაა. ციფრები არ ტყუიან და შეგიძლიათ, სტატისტიკა ნახოთ. ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. მოდრიჩს ვულოცავ, რადგან ტიტული მანაც დაიმსახურა. ბრძოლა გრძელდება და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ მომავალ წელს “ოქროს ბურთი“ ისევ მე მოვიგო.

“იუვენტუსი“

შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო კოლექტივია მათ შორის, სადაც ოდესმე მითამაშია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. სხვა გუნდებში, ზოგი ფეხბურთელი თავს სხვებზე უკეთესად მიიჩნევს, აქ კი, ყველა მოკრძალებულია. დიბალამ და მანჯუკიჩმა გოლი რომც ვერ გაიტანონ, მაინც იღიმიან. მადრიდშიც მოკრძალებულები იყვნენ, მაგრამ იუვენტუსი ოჯახს უფრო მეტად ჰგავს.

რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მათ არასდროს გავამხელ. იუვენტუსთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ. რეალიდან წასვლის შემდეგ, ზუსტად არ ვიცოდი, თუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადავდიოდი, მაგრამ ახლა ამაში უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ კლუბში განსაკუთრებულად მექცევიან. მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მასიმილიანო ალეგრი

ის კარგი პროფესიონალი და სერიოზული პიროვნება. ალეგრის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ პირდაპირი ადამიანია. მასთან საუბრის შემდეგ, კითხვები აღარ გიჩნდება. ალეგრი სამართლიანი, ჭკვიანი და ამავე დროს მხიარული მწვრთნელია.

ლიონელ მესი

შესაძლოა, იტალიაში მესი მართლაც მაკლია. მე ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონატში წარმატებულად ვთამაშობდი, სადაც ვყოფილვარ. მესიმ წარმატებას მხოლოდ ესპანეთში მიაღწია. არა მგონია, დამატებითი დასკვნების გამოტანა საჭირო იყოს. კომფორტის ზონიდან გამოვედი, ახალი გამოწვევები მივიღე და მაინც ფანტასტიკურ ფეხბურთელად დავრჩი.

არაა გამორიცხული, მესის უფრო ვჭირდებოდე მე, ვიდრე მე - ის. თუ ლეოს ესპანეთში ყველაფერი აკმაყოფილებს, ეს ჩემთვისაც მისაღებია. მას, როგორც ადამიანსა და კოლეგას, პატივს ვცემ. მესი ბრწყინვალე მოთამაშე და სასიამოვნო ადამიანია, მაგრამ მე არც ის მენატრება და არც ვინმე სხვა.

მარსელოსა და რეალის სხვა ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერზე

ვხედავ, რომ ყველაზე წერთ: ბეილზე, ხამესზე, ასენსიოზე... იუვენტუსს გაძლიერება აღარ სჭირდება. რა იქნება მომავალში? არ ვიცი და ჯობს, ამაზე ჩვენს პრეზიდენტს დაელაპარაკოთ. რაც შეეხება მარსელოს, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

კრიშტიანუ-უმცროსი

დიახ, მან იცის, რომ მამამისი ფეხბურთის ვარსკვლავია. ჩემი შვილი იუვეს ბავშვთა გუნდში თამაშობს და ზეწოლას უკვე გრძნობს. მას ეს სიამოვნებს კიდეც. ხანდახან, მეკითხება, შეუძლია თუ არა სახლში დაპატიჟოს იტალიელი მეგობრები. ამის ნებას ყოველთვის ვაძლევ, ის კი, დარჩენას მთხოვს, რადგან ბავშვებს ჩემთან ფოტოების გადაღება სურთ.

საკუთარი დიდების შესახებ

ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. ჩემს ტიტულებზე, მიღწევებსა და ფულზე თუ ვიფიქრე, ისეთივე შემართებით ვეღარ ვივარჯიშებ. ხანდახან, უმჯობესია დავივიწყო, რომ კრიშტიანუ რონალდუ ვარ.

ჩემპიონთა ლიგა

მითქვამს და გავიმეორებ: ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბულებმა არ უნდა ვითამაშოთ. ამ ტურნირს სიმშვიდე უფრო სჭირდება.

რეალთან შეხვედრა? წარსული წარსულში დარჩა. ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას იუვენტუსთან ერთად ვგეგმავ. შავ-თეთრი მაისურით ვთამაშობ და სხვა დანარჩენს აზრი აღარ აქვს. თუ რეალს შევხვდებით, მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებ.

ჯანმრთელობა

ვცდილობ, სწორად ვიკვებო. ტკბილეულსა და ალკოჰოლს ყოველთვის გავურბივარ. სამი უმნიშვნელოვანესი დეტალია: კარგი ძილი, სწორი კვება და თავდაუზოგავი ვარჯიში.

მამის გარდაცვალება

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი იყო. მამა 2005 წელს გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, ის ზეციდან მიყურებს და ჩემით ბედნიერია. რთული მომენტი იყო, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ვერაფერს ვიზამთ.

ოჯახი

ეკლესიაში ყოველ კვირას დავდივარ. კათოლიკე ვარ და მადლობას ვწირავ უფალს იმისთვის, რაც მაქვს. ერთხელ, ჟურნალისტმა მეორე ნახევართან ერთად ეკლესიაში დამინახა და იფიქრა, რომ ჯვარს ვიწერდით. ჯერჯერობით, ამას არ ვგეგმავთ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

კომენტარები