თამბაქო

უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიანი სიგარეტის აქციზს გაუტოლდება - ცვლილება კანონმდებლობაში

flickr.com

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება, კერძოდ, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, კანონპროექტი ინიცირებისთვის უკვე მზად არის. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამით აღარ იარსებებს ჩანაცვლებელი ეფექტი, როდესაც ფასის გამო, ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადადიან. ზოიძის შეფასებით, თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის თამბაქოს აქციზის მატებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლის შემდგომ მზარდია. თუ 2015 წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. 2018 წლის პირველ ნახევარში კი, უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, ეს 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სხვა ტიპის თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიც უწყობს. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური მარკის ღირებულება 1.1 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. ხოლო უფილტრო სიგარეტის აქციზი ამაზე თითქმის სამჯერ იაფი, 60 თეთრი ღირს. ფილტრიანი სიგარეტების გაძვირების გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადაერთო.

კომენტარები