16 დეკემბერი

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბრის გეგმებზე ხვალ, 12:00 საათზე ისაუბრებს

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბრის გეგმებზე ხვალ, 12:00 საათზე ისაუბრებს. ამის შესახებ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია 2 დეკემბერსაც გამართა და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. "ძალა ერთობაშია" საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და ამისთვის, სამუშაო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს. 

"ხელისუფლებას ვთავაზობთ - შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ 5 ადამიანის მიერ, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავსხდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები", - თქვა 2 დეკემბრის აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ. 

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სწორედ 16 დეკემბერს გაიმართება, რისთვისაც, სამი ლოკაციას განიხილავენ - თელავი, წინანდალი და თბილისი. ფიცის დადების ცერემონია თელავში გაიმართება, ხოლო წინანდალში - საზეიმო მიღება.

კომენტარები