უცხოელებზე მიწის გასხვისება

დანელია უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე: კიდევ 2 დღეა დარჩენილი და რისკები მინიმუმამდეა

.facebook.com/parliamentgeo

ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც ითვალისწინებს აკრძალვას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების ნაწილში- ამის შესახებ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა. 

დანელია ამბობს, რომ მომზადებულია ორგანული კანონის პროექტი, რომელიც ამ ურთიერთობებსაც დაარეგულირებს. მან იმ ძირითადი პრინციპებზე ისაუბრა, რომელსაც კანონის პროექტი ითვალისწინებს. 

"კანონის ამოქმედების შემდეგ, ფიზიკური პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებას. იურიდიულ პირებთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული სუბიექტების იურიდიულ პირში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ 50%-ზე მეტს უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტი, რათა მათ ჰქონდეთ. იურიდიულ სუბიექტს ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება",- ამბობს დანელია. 

მისი თქმით, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა მემკვიდრეობას, "ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს დამატებითი სტიმული, იმისთვის, რომ წლების წინ წასული ქართველები დაუბრუნდნენ ქართულ მიწა-წყალს". 

დანელიას თქმით, ასევე კანონპროექტი არ ვრცელდება ქორწინების უფლებით მიღებულ შესაძლებლობებზე და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ნაწილში. 

"რაც შეეხება უშუალოდ რისკებს, ნამდვილად შეიქმნა უხერხულობა ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში. კიდევ 2 დღეა დარჩენილი, რაც თეორიული რისკების ნაწილი შესაძლებელია აღვიქვათ, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრაქტიკაში ალბათ მინიმუმამდე არის დაყვანილი აღნიშნულის შესაძლებლობა. ვინაიდან, ეს ძალიან მოკლე ვადა იყო იმისთვის, რომ რომელიმე სუბიექტს მოეხდინა და განეხორციელებინა აღნიშნული ტრანზაქცია თუ რეგისტრაცია. პლიუს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ორგანული კანონის ნაწილში რომელიც იყო მემკვიდრეობის მიღების მიმართულებით, რომელიც იყო აღნიშნული სარჩელის შინაარსი. პრაქტიკულად გამორიცხულია ამ ტიპის პრობლემები"

მისივე თქმით, "შესაძლებელი იყო ამ უხერხულობის თავიდან აცილება", თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

უკვე მესამე დღეა თბილისის იუსტიციის სახლთან, ქართული მარში, პატრიოტთა ალიანსი და სხვა ქსენოფობიური ჯგუფები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეებს ოთარ დანელიაც ეთანხმება. მისი თქმით, რომ არა მისი თანამდებობა, თავადაც ქართული მარშის აქციას შეუერთდებოდა და მათთან ერთად გააპროტესტებდა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმებას. 

კომენტარები