არჩევნები 2018

ევროპული საქართველო 16 დეკემბრის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტი

ევროპული საქართველო 16 დეკემბერს, "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ენმ-ის ორგანიზებული აქცია ლეგიტიმურია და მოქალაქეებს აღშფოთების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ევროპული საქართველოს მიზანი საარჩევნო სისტემის შეცვლის გრძელვადიანი კამპანიაა.

"ამ აქციასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ, არა იმიტომ, რომ არალეგიტიმურია, მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს ყველას და ის, რაც ვიხილეთ მეორე ტურში, ჩვენი მოქალაქეების აღშფოთების ნამდვილად ლეგიტიმური მიზეზია, ამ აღშფოთების მშვიდობიანი გამოხატვა არის ჩვენი უფლება, მაგრამ ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია და არა ევროპული საქართველოს აქცია.

ჩვენ გვინდა, რომ კარგად, გააზრებულად ვიმოქმედოთ, რათა არ შევუქმნათ ცრუ მოლოდინები ჩვენს ამომრჩეველს და ზოგადად, მოქალაქეებს - თუ როდის რისი მიღწევა შეიძლება პოლიტიკურად. ჩვენ მთლიანად ფოკუსირებული ვართ კამპანიაზე, არამოკლევადიანზე, რომელიც უნდა ვაწარმოოთ ქვეყნის შიგნით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, რათა ვაიძულოთ ივანიშვილი და მისი გუნდი, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, ესაა საკვანძო ამოცანა იმ ჩიხიდან გამოსვლისთვის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა. ეს არის ჩვენი სამიზნე - პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და არჩევნების გზით ივანიშვილის გუნდის დამარცხება" - თქვა ბოკერიამ.

"ძალა ერთობაშია" 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს. მათი პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციას აპირებენ თბილისშიც, თუმცა, ყველაზე მასშტაბური აქცია სწორედ თელავში ჩატარდება, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია არის დაგეგმილი. 

კომენტარები