განათლება

გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/ladoapkhazava

ვლადიმერ აფხაზავა, გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი იმ 50 მასწავლებელს შორის მოხვდა, რომლებიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარადგინეს. 

ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ ჯილდოს მიღების შემთხვევაში, აფხაზავა აპირებს დაეხმაროს სხვა სკოლებს საქართველოში, რომლებსაც არ შეუძლიათ თანამედროვე ტექნიკის ან უცხოენოვანი ლიტერატურის შეძენა. გარდა ამისა, მასწავლებელი აპირებს სახსრები მიმართოს იმ მოსწავლეების მომზადებაში, რომლებსაც ამისთვის ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო, 1 მილიონი ლარის გადაეცემა იმ ერთ მასწავლებელს, რომელმაც თავის პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი, კონტრიბუცია ჩადო. ლადო აფხაზავას გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები არიან მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ ლადო აფხაზავა საქართველოში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მან ამ კონკურსში 2017 წელს გაიმარჯვა. 

ვერ-გვერდზე მითითებულია, რომ ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2010 წლიდან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

"ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს", - აღნიშნულია საიტზე.

აქვე მითითებულია, რომ სწავლების პროცესში ლადო აფხაზავა გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას და მუდამ ცდილობს გაკვეთილი მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს.

"ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია", - წერია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე.

ამავე გვერდზე წერია, რომ აფხაზავას ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა განკუთვნილია არამხოლოდ მისი კლასისთვის, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს.

"მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ის გულგრილად არასდროს ტოვებს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს, თანამშრომლობს სოციალურ სამსახურებთან, აქტიურად ეწინააღმდეგება სკოლის მოსწავლეთა სამუშაოებზე წასვლას თურქეთში და სასწავლო პროცესიდან მათ მოწყვეტას", - აღნიშნულია საიტზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები