საქართველო-ირანი

შსს ირანის მოქალაქეებზე: ქვეყანაში არ უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ინფორმაციას საზღვარზე ირანელი ბიზნესმენების არ შემოშვების შესახებ. უწყება განმარტავს, რომ მესაზღვრეები არ უშვებენ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ.

რაც შეეხება კონფერენციაში მონაწილე ირანელი ბიზნესმენების საქართველოსი არ შემოშვებას, ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ 11 დეკემბერს ირანის რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ნამდვილად ეთქვა, თუმცა საპატრულო პოლიცია არ იყო ინფორმირებული, რომ ისინი უნდა დასწრებოდნენ.

"აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული ირანის მოქალაქეების ბიზნესმენების კონფერენციაზე დასწრების შესახებ. საზღვრის კვეთისას, ირანის არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც ქვეყანაში კანონის სრული დაცვით არ შემოუშვეს, არ განუცხადებიათ, რომ ისინი იყვნენ ბიზნესმენები და მათი ქვეყანაში შემოსვლის მიზეზი იყო 14 დეკემბერს გასამართ კონფერენციაში მონაწილეობა", - ამბობენ უწყებაში.

გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ შემთხვევის გამო ბიზნესმენთა კონფერენცია ჩაიშალა.

ცნობისთვის, "ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოშის" პრეზიდენტის მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, 14 დეკემბერს დაგეგმილი კონფერენციის გადადების მიზეზი ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის მიზეზი ირანის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვების გახშირებული ფაქტები გახდა.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანმა თქვა, რომ "ეს მხოლოდ სპეკულაციებია" და ამასთან დაკავშირებით "ერთობლივი ღონისძიებები" ჩატარდება.

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი. 

კომენტარები