დაჭრა ვერაზე

გვიან ღამით ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია

გვიან ღამით ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ღუდუშაურის საავადმყოფოში დაუდასტურეს. სამი მათგანი ღუდუშაურის კლინიკაში არის გადაყვანილი ერთი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. 

"00:15 საათზე მოყვანილ იქნა სამი მოქალაქე ტაქსით. აღენიშნებოდათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე პაციენტს ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში. სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აყვანილ იქნა საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც აყვანილ იქნა საოპერაციოში. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – თქვა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე 4 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციის ბრალდებული უკვე დაკავებულია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები