აბაზოვის საქმე

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს

0 კომენტარი
ფოტო: reginfo.ge

მარნეული ყოფილი მერი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული აპირებს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლოს. ამის შესახებ თემურ აბაზოვნა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა. მისი თქმით ეს იყო დადგმული პროვოკაცია და სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მისი ოჯახის მისამართით.

"წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმები. ეს იყო ბინძური პროვოკაცია. მოწმემ დაკითხვის დროსაც ახსენა, რომ ეს ყველაფერი იმის გამო გააკეთა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გადასულიყო. მოგეხსენებათ, ჩემს საქმეში ერთადერთი მოწმე არსებობს. საქმეშიც ასე ჩანს და მისი დაკითხვის დროსაც გამოვლინდა ძალიან ბევრი ტყუილი. აქედან გამომდინარე, საჩივარს შევიტანთ ცილისწამებაზე და აუცილებლად იქნება შედეგი, ვინაიდან ეს იყო დადგმული პროვოკაცია. ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით. მე ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად. წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლე, სამი არასრუწლოვანი შვილი უყურებდა იმას თუ როგორ აყენებდნენ მათ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას. შესაბამისად, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. მთელი ოჯახი და მთელი სანათესაო ძალიან ცუდად იყო." - ამბობს აბაზოვი.

ცილისწამებისთვის სასამართლოსთის მიმართვას არ გამორიცხავს მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. როგორც მან ტაბულასთან საუბრისას თქვა, სანამ აბაზოვის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგება ცილისწამების მიმართულებით მუშაობა სამართლებრივად შეუძლებელია, თუმცა გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში გამორიცხული არ არის. 

"ეს შესაძლებელია მას შემდეგ, რაც მოხდება, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. შესაბამისად ბატონ თემურ იმის თქმა უნდოდა, რომ ყველა კანონიერ გზას გამოიყენებენ ის და მისი ადვოკატები, რომ მოხდეს მისი ინტერესების დაცვა და მისი შელახული უფლბებეის აღდგენა. არ არის გამორიცხული რომ მივმართოთ სასამართლოს. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მუშაობა ფიზიკურად ვერ მოხერხდება." - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო, რომელიც ამბობდა, რომ საქმის ძირითადი მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან და აბაზოვი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." 

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე".

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და აბაზოვისთვის 40 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას 26 ივლისსაც ითხოვდა, თუმცა​რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები