საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

არქივი სოვლაბს ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის კატალოგის გაცნობის უფლებას არ აძლევს

0 კომენტარი
ფოტო: სოვლაბი

ეროვნული არქივი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას საშუალებას არ აძლევს, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგს გაეცნოს. 

არქივი მიზეზად მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების დაცვას ასახელებს. 

წერილში, რომელიც მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ეროვნული არქივისგან მიიღო, წერია, რომ "ეროვნული არქივის შესახებ" კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით, "შეზღუდულია მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი". 

ასევე, არქივი სოვლაბს "პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს" ახსენებს, რომლის მე-7 მუხლის მიხედვით, "გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება".

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ამას სახელმწიფოს პოლიტიკას უწოდებს. 

ეროვნული არქივის წერილის პასუხად სოვლაბის განცხადებაში ვკითხულობთ: 

"1955-56 წლიდან 1960-იან წლებამდე, ხრუშჩოვის "დათბობის" და დესტალინიზაციის პოლიტიკის ფარგლებში საბჭოთა რეჟიმმა გადასინჯა ძირითადად 1937-1938 წლებში რეპრესირებული ადამიანების სისხლის სამართლის საქმეები და მათი დიდი ნაწილის რეაბილიტაცია მოახდინა, "დანაშაულის ნიშნების არარსებობის", ფალსიფიკაციის, პროცესუალური დარღვევებსა და სხვა მიზეზებზე დაყრდნობით.

1991 წელს, "კაგებეს" შენობაში ხანძრის დროს ამ ადამიანთა სისიხლის სამართლის საარქივო საქმეთა უმრავლესობა განადგურდა და შესაბამისად გაქრა უნიკალური ინფორმაცია ათეულ ათასობით ადამიანის - საბჭოთა ტერორის მსხვერპლის შესახებ. მაგრამ დარჩა მათი რეაბილიტაციის მასალები - ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდებში - საქართველოს სსრ პროკურატურის (რომელიც ახდენდა საქმეების გადასინჯვას და დასკვნებს ამზადებდა დარღვევების შესახებ) და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს ფონდებში. ეს დოკუმენტები შეიცავს თითოეული რეაბილიტირებულის სისხლის სამართლის საქმის მიმოხილვა/გადასინჯვას და უკანასკნელ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ამ ადამიანთა ბედის შესასწავლად.

ეროვნულმა არქივმა "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით სოვლაბის მკვლევარს არათუ საქმეების, არამედ მათი ანაწერის (კატალოგი, სია) გაცნობის საშუალება არ მისცა - სადაც არაფერია გარდა ადამიანის გვარი/სახელი/მამის სახელისა და საქმის ნომრისა და თარიღებისა.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფომ მკვლევარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დოკუმენტების გაცნობის უფლება შეუზღუდოს მათი "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით.

ეს მიდგომა არ წარმოადგენს ბიუროკრატიის და კონკრეტულად არქივის ახირებას - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პასუხი უახლესი ისტორიის მკვლევრებს, რომ საბჭოთა ტერორის შესწავლა/ანალიზს კიდევ ათწლეულებით დაველოდოთ.

იუსტიციის სამინისტრო, რომლის განკარგულებაშიცაა ეროვნული არქივი, კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს საქართველოს პარლამენტში დაყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ამ აბსურდული აკრძალვების მოხსნას ისახავს მიზნად", - აცხადებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 

სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია - სოვლაბის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი არქივის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ხვადაგიანისთვის არქივს დოკუმენტების ნაწილობრივ გაცნობის საშუალება მაინც უნდა მიეცა. 

"ვფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გასაჯაროებული, საქმე ეხება კატალოგს. მისგან გამომდინარე ხდება შემდგომში საქმეების გაცნობა. ის უნდა იყოს ღია, რათა დაინტერესებულ პირს, მკვლევარს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიგოს, რა მასალებზე მოუწევს შემდგომში მუშაობა. თუ კატალოგი ან რამე კონკრეტული დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაძლებელი იყო დაშტრიხულიყო და ასეთი ფორმით გადმოცემულიყო და მერე უკვე ჩვენ ვიდავებდით, ეს მონაცემი უნდა იყოს ღია თუ დახურული. ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტი სოვლაბს საერთოდ არ მიაწოდეს. 

თუ საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს, ის შეიძლება გაიხსნას, თუ 75 წელი არის გასული. მაგრამ ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ პერსონალური მონაცემები მკვლევარისთვის არის ღია, თუ პირი არის გარდაცვლილი. არქივს ამ გარდაცვალების მტკიცების ტვირთი გადმოაქვს მკვლევარზე. რეალურად, თუ მკვლევარი იკვლევს ათი ათასობით ადამიანის მდგომარეობას, მათი განმარტებით, მან უნდა მიიტანოს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მათზე ინფორმაცია მოიპოვოს. რეალურად, ეს არის შეუძლებელი და უარის თქმა ინფორმაციის გაცემაზე. ასეთი მიდგომები, ვფიქრობ, რომ არის არასწორი და ხელს უშლის მკვლევარს, მიიღოს ინფორმაცია არქივიდან და იმუშაოს მისთვის სასურველ თემაზე. 

ასევე, კიდევ ერთი პრობლემაა, საკუთრების უფლების შესახებ დოკუმენტების არგაცემა და ამაზე მითითება, რომ 75 წელი არ არის გასული, ვინაიდან, თუ შევალთ საჯარო რეესტრის საიტზე, ვნახავთ დღეს არსებულ ინფორმაციას, ვის რა საკუთრება აქვს, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ვის რა საკუთრება აქვს. მაშინ რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დახურული არქივის დოკუმენტებში დაცული პირებისთვის. ასეთი განმარტებები არასწორია", - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი

სასამართლოში არქივის წინააღმდეგ სოვლაბის კიდევ ერთი სარჩელია - ორგანიზაცია უკვე სააპელაციო სასამართლოში დაობს ანალოგიურ შემთხვევაზე, როდესაც ეროვნულმა არქივმა დაბლოკა ინფორმაციის სრულყოფილი გაცემა 1940-1950-იან წლებში თბილისიდან დეპორტირებული მოქალაქეების შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები