სიღარიბე

WEG-ის კვლევა: მოსახლეობის 40% სესხს კომუნალურებისთვის იღებს, 50% - საკვებისთვის

ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) კვლევის მიხედვით, რომელიც ენერგეტიკულ სიღარიბეს და საქართველოში მოწყვლად მომხმარებლებს ეხება, მოსახლეობის 40% კომუნალურ გადასახადებს ნასესხები ფულით იხდის. 

მოსახლეობის 50% კი სესხს საკვებისთვის იღებს. 

კვლევაში აღნიშნულია საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს აბსოლუტურმა სიღარიბემ 21,9% შეადგინა. 

რაც შეეხება სიღარიბის ფარდობით მაჩვენებელს: 

ფარდობითი სიღარიბის დასადგენად საქსტატი ანგარიშობს მედიანურ მოხმარებას (დაახლოებით 270 ლარი), შემდეგ იღებს მის 60%-ს (დაახლოებით 165 ლარი), რომლის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილიც წარმოადგენს ფარდობით სიღარიბეს, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ს (დაახლოებით 108 ლარი), ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ნიშნავს უკიდურეს სიღარიბეს.

მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 2017 წელს 22.3% შეადგინა, ხოლო 40%-ს ქვეშ მყოფი მოსახლეობის წილმა - 8.5%.

რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს, რომელიც უთანაბრობას ზომავს, ის 0 დან 1-მდე იზომება - ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 (ან 100) კი - უთანასწოროს.

კვლევაში წერია, 2017 წელს ჯინის კოეფიციენტმა საქართველოში სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით შეადგინა 0.40, ხოლო 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 0.39 - ს შეადგენდა, რაც მიანიშნებს მოსახლეობაში არსებული უთანაბრობის უმნიშვნელო ზრდაზე. 

WEG აღნიშნავს ქვეყანაში არსებული უთანაბრობა და სოციალური ფონი გავლენას ახდენს კომუნალურ გადასახდელებზეც. კავკასიის ბარომეტრი 2017 - ის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალური გადასახდელების გადასახდელად ფულს სესხულობს (8% - ყოველთვიურად, 6% - ყოველი მეორე თვე, 24% - ნაკლებად ხშირად). 

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ "არსებული სუბსიდირების სქემების და დაზოგვის მეთოდების მიუხედავად, მაღალია ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში. გადახდის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ზამთრის თვეებში; 

მოსახლეობის 99%-ისთვის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, 68%-ისთვის კი გაზი, თუმცა რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს ძაბვის ცვალებადობით გამოწვეული ზარალი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა (ელექტრო სადენები და ბოძები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას); 

ენერგეტიკული სიღარიბის არსებობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალი ენერგოეფექტიანობის მქონე შენობები, რომლებიც ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს; 

არსებული ფულადი დახმარების სქემები გარკვეული ხარვეზების მატარებელია და არ არის გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებისაკენ“. 

WEG-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა სესხს არა მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადასახდელად, არამედ საკვების საყიდლადაც იღებს და მათი რიცხვი მაღალია - 50%. 

"აღსანიშნავია, რომ ფულის სესხება არ ეხება მხოლოდ კომუნალურ გადასახდელებს. მაგალითად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება საკვებთან მიმართებით, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50%- ს უწევს თანხის სესხება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკული გადასახდელები და ზოგადად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკული სიღარიბე მხოლოდ ფულად მაჩვენებლებში არ გამოიხატება, რადგან მასზე გავლენა აქვს სუფთა ენერგიაზე ხელმისაწვდომობას, შენობების ენერგოეფექტურობას და ა.შ", - წერია ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) კვლევაში. 

კომენტარები