საქართველოს პრეზიდენტი

უსუფაშვილი: მარგველაშვილი ისტორიაში შევა, როგორც "გიორგი უცნაური" 

0 კომენტარი
ფოტო: primetime

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც "გიორგი უცნაური". 

დავით უსუფაშვილმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მოხდა ამ ინსტიტუციის თვისობრივი ცვლილება, რაც ყველასთვის რთული პროცესი აღმოჩნდა. 

"გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა. 2012 წლის ცვლილება არ იყო ძალიან მარტივი. მისი გაპრეზიდენტებიდან 2-3 კვირის განმავლობაში განვითარდა უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენები სახელისუფლებო გუნდში, რამაც მის პრეზიდენტობას დიდი დაღი დაასვა.

გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობისას მოხდა ამ ინსტიტუტის თვისობრივი ცვლილება და ტრანსფორმაცია, რისი აღქმაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც.

მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც “გიორგი ბრწყინვალე” ან “ავ-გიორგი”, არამედ როგორც “გიორგი უცნაური”.

იგი არც მალავდა იმას, რომ არ არის სტანდარტული საჯარო მოხელე, მასში საკმაოდ ჭარბად არის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა არსებული ინტერესები, ფილოსიფიური თუ სხვა.

მე პირადად მასთან მრავალი წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ვიხსენებ რაიმე სერიოზულ პრობლემას, წმინდა საქმიანი თვალსაზრისით. საპარლამენტო და საპრეზიდენტო ურთიერთობა დაღდასმული იყო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მძიმე ფონის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებდით საქმიან ურთიერთობას უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, პრეზიდენტის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატშიც და ა.შ. მე პირადად არ მქონია რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრები არაერთხელ გვქონია“, - თქვა დავით უსუფაშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით. 

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად 2013 წელს 62%-ით აირჩიეს. ის ქართული ოცნების კანდიდატი იყო. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყო - პრეზიდენტმა უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული რეზიდენცია დაეტოვებინა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მარგველაშვილმა "ხასიათი გამოავლინა" და მასში შეცდა. 

მეორე ვადით კენჭისყრაზე გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა. 

პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები