აუტისტური სპექტრი

აუტისტური სპექტრის მქონე 123 ბავშვი მერიის სპეციალური პროგრამის მიღმა რჩება

ნინო ბეჟიტაშვილი 5 წლის ანას დედაა.

ბავშვს აუტისტური სპექტრი აქვს, მაგრამ მის ოჯახს თერაპიის ფინანსური შესაძლებლობა - არა.

"სოციალურად დაუცველები ვართ და თავისთავად ცხადია, ის სოციალური დახმარება მხოლოდ საარსებოდ გვადგება. შესაბამისად, თერაპიის საშუალება არ გვაქვს. ვცდილობდი, თავად დავხმარებოდი, რაც შემიძლია, ის არის, რომ ინტერნეტით მოვიძიო ინფორმაცია თერაპიის შესახებ და ამას ვაკეთებ კიდეც", - ამბობს ნინო.

ანა თბილისის მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში მომლოდინეთა სიაშია, რიგში მე-8. პროგრამა ბავშვებს ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს, თუმცა, ნინოს უთხრეს, რომ მის შვილს ეს შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი არ შეეხოს, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი არ იზრდება.

შესაბამისად, პროგრამაში ახალი ბავშვის ჩართვა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ვინმე, ვინც მისით ახლა სარგებლობს, გამოეთიშება.

"ბავშვს სპეციალისტები სჭირდება. ის პროგრამა, თავისთავად ცხადია, რომ სჭირდება, იმიტომაც ზის ამ პროგრამაში. 5-ნახევარი წლის არის, მალე სკოლაში წასვლა უწევს, ამიტომ პროგრამაში დაგვიანებული მოხვედრა პრობლემურია, ჩამორჩება თავისი ასაკის ბავშვებს.  

შეიძლება შემდეგ წელსაც შეიძლება არ შეგეხოთ რიგი ბიუჯეტის სიმწირის გამოო. გამოდის, რომ შეიძლება, არ მოუწიოს 10 წლის ასაკამდე, პირველკლასელის უნარები შესაძლოა 10 წლის ასაკში ჰქონდეს, მაშინ შევიდეს სკოლაში.

იმისთვის, რომ ჰქონდეს თავისი ასაკისთვის შესაბამისი უნარები, თერაპია საჭიროა. თუმცა, შეიძლება ეს ვერ შეძლოს, იმიტომ რომ ის დახმარება, რაც ეკუთვნის, არ მიეწოდება”, - ამბობს ნინო ბეჟიტაშვილი.

მომლოდინეთა სიაში, ანას მსგავსად, კიდევ 122 ბავშვია.

2018 წელს თბილისის მერიამ ამ პროგრამით აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვი დააფინანსა.

მერია არ გეგმავს, პროგრამის მონაწილეთა რიცხვი გაზარდოს - თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა 3 750 000 ლარია,  2018 წელს ეს თანხა 3 300 000 ლარი იყო, თუმცა, როგორც მერიიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, სერვისის მიმღებ ბავშვთა რიცხვი არ გაიზრდება და ის 2019 წელსაც 850 დარჩება.

აუტისტური სპექტრის ბავშვების მშობლები სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ.

“იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან სხვა ბავშვები პროგრამაში, თუ ის, ვინც უკვე იღებს მომსახურებას, პროგრამიდან ამოვარდება. ეს ძალიან არარეალურია, იმიტომ რომ აუტისტური სპექტრი ადამიანს მთელი ცხოვრება აქვს ვერ წარმომიდგენია, ვინმე ამოვარდეს პროგრამიდან.

გამოდის, რომ ეს ბავშვები არც 2019 წელს დაფინანსდებიან და თუ ხმა არ ამოვიღეთ, არც 2020 წელს”, - ამბობს მარი კორკოტაძე, აუტიზმის ფონდ კამპუსის თანადამფუძნებელი. მარი თავადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედაა.

რას გულისხმობს მერიის ქვეპროგრამა​

თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დახმარებას 2015 წლის 1 ივლისიდან უწევს.

ქვეპროგრამა​​ გულისხმობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რისთვისაც ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა), კომპლექსური თერაპიის დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი.

დაწყებისთანავე პროგრამაში 325 ბავშვი ჩაერთო. მას შემდეგ მისი ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა, მცირედით იზრდება 2019 წელსაც, თუმცა, ეს ბენეფიციართა რიცხვზე არ აისახება.

მშობლები, რომელთა აუტისტური სპექტრის მქონე შვილები მერიის პროგრამაში ვერ მოხვდნენ, გეგმავენ, დაესწრონ ბიუჯეტის პროექტის განხილვას თბილისის საკრებულოში და 123 ბავშვისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო თანხის გამოყოფაც მოითხოვონ - მათი აზრით, ეს შესაძლებელია - ბავშვების პროგრამაში ჩართვას დაახლოებით 600 000 ლარი დასჭირდება, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით კი, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მსგავსი პრობლემის წინაშე გასულ წლებშიც იდგნენ - 2017 წლის დეკემბერში მათ ქვეპროგრამის გაფართოების მოთხოვნით აქციაც გამართეს. მაშინ მომლოდინეთა სიაში 107 ბავშვი იყო. პროტესტმა შედეგი გამოიღო - პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა და სულ 120 ბავშვის თერაპია დაფინანსდა. 

2018 წელს ქვეპროგრამაში ჩართვა კიდევ 123 ბავშვს სჭირდება. 

მარი კორკოტაძის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან ქუთაისშიც. აქ ანალოგიური პროგრამის მომლოდინე ბავშვთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია - 37. მისი აზრით, პრობლემის მოგვარების რესურსი ქუთაისის მერიასაც აქვს.

რა არის აუტისტური სპექტრი

აუტიზმი დაავადება არ არის, ის მდგომარეობაა, რომელიც ნეიროგანვითარების დარღვევით არის გამოწვეული.

აუტისტური სპექტრის დიაგნოსტიკა არცთუ ადვილია. მისი ნიშნები 18 თვემდე ვლინდება, სპექტრის დადგენა კი დაახლოებით 3 წლის ასაკისთვის ხდება, როდესაც ბავშვის მეტყველების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობების საკითხები თვალსაჩინო ხდება.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი სხვებს ჩამორჩება, მას უბრალოდ თერაპია სჭირდება.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. მათთვის რთულია სხვა ადამიანების ფიქრების და ემოციების მიხვედრა, ასევე, თავიანთი ემოციების სიტყვებით, მიმიკებით ან შეხებით გამოხატვა.

აუტიზმის დროს ადამიანი ჩვეულებრივად გამოიყურება - ეს მისი ტვინი მუშაობს განსხვავებულად - სხვაგვარად აღიქვამს ხმებს, ფერებს, არომატებს, შეხებას. მათთვის უსიამოვნოა თვალებში ყურება, ასევე, არაპირდაპირი საუბარი, ვინაიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უჭირთ, სახის გამომეტყველებით განსაზღვრონ სხვების დამოკიდებულება. 

უცნობია, აუტისტური სპექტრის მქონე რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში. 

მსოფლიოში კი ამ დარღვევის მქონეთა რიცხვი იზრდება - ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რიცხვი გაიზარდა - ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და შედეგები 26 ნოემბერს გამოქვეყნდა, წერია, რომ აუტისტური სპექტრი 40-დან 1 ბავშვს დაუდგინდა. 

კვლევის ფარგლებში 3-დან 17 წლამდე ასაკის 43 000 ბავშვი გამოიკითხა. 

1 წლის წინ ჩატარებულ კვლევაში ვითარება სხვაგვარი იყო - სპექტრი აშშ-ში მცხოვრები 59 ბავშვიდან ერთს ჰქონდა.

კომენტარები