კრიმინალი

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ის ირანის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაპირდა.

​"გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის  გადახდა", - აღნიშნავენ სუს-ში.

​მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამაზ რ. მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები