უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კიევში ეკლესიების გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს, რომელიც მეთაურს აირჩევს

წმიდა სოფიის ტაძარი

კიევში, წმიდა სოფიას ტაძარში გამაერთიანებელი კრება დაიწყო. კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით გამაერთიანებელმა კრებამ, ერთიანი საეკლესიო სხეული უნდა შექმნას, დაამტკიცოს ახალი მართვა-გამგეობის დებულება და აირჩიოს პირველიერარქი.

სწორედ ამ გაერთიანებული ეკლესიის ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ავტოკეფალიის ტომოსს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიტულს ატარებს ახლადარჩეული საჭეთმპყრობელი - კიევის პატრიარქის თუ კიევის მიტროპოლიტის.

კრებას ესწრებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქოს), უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ნაწილი. 

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავრების უმრავლესობამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრებაზე მოსაწვევი უკან გაუგზავნა. უკრაინული მედიის ცნობით, კრებაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფმა ათმა მღვდელმთავარმა. 

უკრაინული მედიის ცნობით, საერთო ჯამში კრებაში მონაწილეობს 192 ადამიანი - 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 ერისკაცი. კრება დახურულია. 

წმიდა სოფიის ტაძართან, ისტორიულ კრებას ათასობით უკრაინელი გულშემატკივრობს.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ანათებემი მოხსნა უკრაინის სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიების ლიდერებს, გამოაცხადა კანონიკური სტატუსი დაუბრუნა ამ ეკლესიათა მრევლს და აღადგინა საკუთარი მმართველობა კიევში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქომ მასთან სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი.

 

კომენტარები