ვალების განულება

სესხების განულების საიტ vali.ge-ს რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ეს ორგანიზაციებია:

სს "კრედტო ბანკის", შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს" (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს "ემ კოლექტორის" (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).

სამინისტროში განმარტავენ, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 464 ათას 522 მსესხებლის,  843 ათას 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა ჯამური დავალიანების თანხა 3,275,651,430 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს "საქართველოს ბანკი"
  • სს "თიბისი ბანკი"
  • სს "ლიბერთი ბანკი"
  • სს "სილქ როუდ ბანკი"
  • სს "ხალიკ ბანკი საქართველო"
  • სს "იშბანკი საქართველო"
  • სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
  • სს "ბაზის ბანკი"
  • სს "ტერა ბანკი"
  • სს "კრედო ბანკი"
  • შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) 
  • შპს "ემ კოლექტორი" (სესხის გამცემი: Sohocredit.ge)

ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

  • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
  • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
  • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ.გ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები