ერაყი

ნობელის ლაურეატი, ნადია მურადი მშობლიურ ქალაქში საავადმყოფოს აშენებას გეგმავს 

BBC

ნობელის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი, ერაყელი იეზიდი ქალი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს დატყვევებული ჰყავდათ და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ, გეგმავს, მშობლიურ ქალაქ სინჯარში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ჰოსპიტალი ააშენოს. 

მურადი ამისთვის იმ თანხას გამოიყენებს, რომელიც მას ნობელის პრიზთან ერთად გადასცეს. 

"თანხით, რომელიც ნობელის პრიზმა მომიტანა, სინჯარში ავაშენებ ჰოსპიტალს, რათა ადამიანებმა იმკურნალონ, განსაკუთრებით ქვრივმა და იმ ქალებმა, რომლებმაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მხრიდან სექსუალური ძალადობა განიცადეს". 

ნადია მურადმა მადლობა გადაუხადა ერაყის და ქურთისტანის მთავრობებს მისი გეგმის მხარდაჭერისთვის. მან თქვა, რომ ის მალე დაუკავშირდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რათა მშენებლობა დაიწყოს. 

მურადს ნობელის პრემიასთან ერთად 1 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა კონგოელ ექიმთან, დენის მუკვეგესთან ერთად იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ გასწიეს ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის იარაღად სექსუალური ძალადობის გამოყენების შემცირებისთვის. 

ნადია მურადი ერთ-ერთი იყო იმ 7 000 ქალსა და არასრულწლოვან გოგოს შორის, რომლებიც 2014 წლის აგვისტოში დაატყვევეს, ქალაქ მოსულში კი აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. 

3-თვიანი ტყვეობის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა და გერმანიამდე მიაღწია, სადაც ინტენსიური კამპანია დაიწყო იეზიდთა თემის მხარდასაჭერად. 

ქალაქ სინჯარში ადრე 400 000 იეზიდი და არაბი სუნიტი ცხოვრობდა. მოგვიანებით, 3 000 იეზიდი მოკლეს, 6 800 კი გაიტაცეს, მონად გაყიდეს ან ისლამური სახელმწიფოსთვის ბრძოლა აიძულეს. 

კომენტარები