უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს

მიტროპოლიტი ეპიფანე

კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

სწორედ ამ ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

კრებას სამი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ. აქედან ორი - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია კრებაზე მივიდნენ მღვდელმთავრების სრული შემადგენლობით. მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ეკლესიიდან კი კრებას რამდენიმე ეპისკოპოსი დაესწრო.

კრებაში მონაწილეობას მიიღეს მღვდლებმა და საერო პირებმაც.

კომენტარები