სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

გურჯაანში ენმ-ს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

"კონსტიტუციურ უფლებას რატომ გვიზღუდავს გახარიას და ივანიშვილის ხელისუფლება? თელავამდე ერთი საათია და ჩახერგეს გზა ავტობუსებით. იქ ზონდერები დაგვახვედრეს, აგურებით და ქვებით. გომბორის გზით ვაპირებდით წასვლას და გადასახვევთან გვითხრეს, რომ მიბრძანდით გურჯაანით. წამოვედით და შუა გზაზე ასე თავხედურად გადაკეტეს", - ამბობს ნიკა მელია რუსთავი 2-თან.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, რატომ არის ჩაკეტილი გზები. უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა, თუმცა კონკრეტული ადგილი და დრო დასახელებული არ იყო.

კომენტარები