აქცია თელავში

მეზვრიშვილი: ყველა, ვინც გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

"ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მეზვრიშვილი გუშინ კახეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

„გარკვეული პირები ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა 
გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რასაც საზოგადოება კარგად ხედავდა - ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის." - ამბობს მეზვრიშვილი. 

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები